ქართველმა კაცმა მას სამართლიანად უწოდა ,,ძლევაი საკვირველი’’


  საქართველოს ისტორიას შეიძლება თამამად ეწოდოს  ბრძოლების ისტორია, მაგრამ ამ  ბრძოლათაგან დიდგორის ბრძოლას სამართლიანად უკავია გამორჩეული ადგილი ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დიდგორის ბრძოლის შესახებ დღემდე დიდი სამეცნიერო ლიტერატურაა შექმნილი. იგი,  როგორც სამხედრო ისტორიის გამორჩეული მოვლენა, დღემდე მსოფლიოს არაერთი მკვლევარის ინტერესს იწვევს. დიდგორის ბრძოლა  თავისი მნიშვნელობით უნიკალური იყო, არის და იქნება ყველა თაობის ქართველისათვის. ამიტომაც კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ,,ქართლის ცხოვრების’’ იმ ფურცლებს რომლებზეც 1121 წლის 12 აგვისტო მომავლის იმედად მოევლინა იმ დროინდელ საქართველოს.  დიდგორში გამოვლენილმა ქართველი კაცის სიბრძნემ და შემართებამ მაშინდელი მსოფლიოს მთელი მაჰმადიანური სამყარო შეაძრწუნა და საქართველოს ძლევამოსილების ამბავი კიდით კიდემდე განავრცო. თურქ–სელჩუკების მიერ დაპყრობილი ქვეყანა მეტად რთულ მდგომარეობაში იყო.  განგებამ სწორედ ამ მძიმე ჟამს  საქართველოს ხსნად მოუვლინა დავით აღმაშენებელი, რომელმაც მრავალმხრივი რეფორმების შედეგად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატრა ქვეყნის გადასარჩენად. სწორედ მას ხვდა წილად ტანჯული ქართველი ხალხისთვის ოქროს ხანა შეექმნა, მაგრამ   ამ მიზნის მისაღწევად მრავალწლიანი დაუღალავი შრომა და ბრძოლა დასჭირდა. უპირველესი ამოცანა თურქ–სელჩუკთაგან ქვეყნის გათავისუფლება იყო.  დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე აქტიური ბრძოლა გამოუცხადა ქართლის მადლიან ველებში დამკვიდრებულ დამპყრობლებს.. ლოკალური თავდასხმებით მტრის ურდოები ისე შეავიწროვა,  თურქმანები ეახლენ ერაყის სელჩუკიანთა გამგებელს სულთან მაჰმუდს, და შეუჩივლიათ,  ქართველები გვავიწროებენ,  გვიშველეთ რამე,  სადამდე უნდა ვითმინოთ ამდენი უსამართლობა და ძალმომრეობაო. თურმე ტანსაცმელი შემოუხევიათ, პირი მურით შეუმოსავთ და აგრერიგად წარდგომიან  სულთანს, იქნებ შეგვიბრალოსო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი შესანიშნავად აღწერს მათ გასაჭირს: ,,ესე ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ–თბილელ–დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ელები, და რომელნიმე სრულიად, და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი მოწევნულნი მათ ზედა.’’  თურქ–სელჩუკები ისე დიდხანს ბატონობდნენ საქართველოში, სულთანთან საუბრისას  ქართულ მადლიან მიწას საკუთარ მიწა–წყლად მიიჩნევდნენ. ისე მოუვიდათ, გაღმა შესადავებლს გამოღმა ევედავებოდნენ. ან  რა საჭირო იყო სულთანთან, მისვლა, როდესაც  მაჰმადიანური ქვეყნები ისედაც ხედავდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში საშიში და ძლიერი მოწინაღმდეგე გამოუჩნდათ საქართველოს სახით. სულთანმა მუჰამედ მუჰამედის ძემ (1117–1131 წწ.) მთელ მუსლიმურ სამყაროს მიმართა, რომ ქართველთა წინაღმდეგ დიდი კოალიციური ლაშქარი შეკრებილიყო. ,,ქართლის ცხოვრების’’ თქმით, მიმართა მაჰმადიანებს,  ,,ვინც კი სადმე იყო, დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს’’.

მუჰამედის მოწოდებას მაჰამდიანური სამყაროს უდიდესი ნაწილი გამოეხმაურა და საქართველოს წინაღმდეგ დიდი კოლაცია შეიქმნა. მასში შედიოდნენ:

დურბეიზ სადაყას ძე– არაბეთის მეფე, ისტორიკოსის თქმით ,, კაცი მხნე და მეომარი’’.

თორღულ მუჰამედის ძე– ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ახანისა და განძის გამგებელი.

თუღან არსლან კუზიანი– თურქი ამირა.

განძის ათაბაგი, რომელიც სულთნის ბრძანებით, ,,მისითა ძალითა’’ გამოსულა.

ამ მაჰმადიანური კოალიციის მეთაურობა დაევალა ნეჯმ ად–დინ ილღაზს. ეს,  იყო ბაღდადის გამგებელი, ციხესიმაგრე მარდინისა და ალეპოს მფლობელი, სელჩუკთა  შორის უძლიერესი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით ,,კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე’’. სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი ,,ზვიადსა და ძლიერს’’ უწოდებს. მის მიმართ არც ფრანგი მწერალი გოტიე არის გულგრილი და ,,უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად’’ მიიჩნევს. ილ–ღაზი ცნობილი ყოფილა  მხედართმთავრული ნიჭით.  მან ჯერ კიდევ 1119 წელს მდ. ორონტის ნაპირას ე.წ. ,,სისხლიან ველზე’’  სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები. ამ გამარჯვების შედეგად უკვდავად შეირაცხა და  ეწოდა ნეჯმ ად–დინ– ,,სარწმუნოების ვარსკვლავი’’,       ილ–ღაზი ბრძოლებში კარგად გაწრთვნილი და დიდი სამხედრო უნარ–ჩვევებით აღჭურვილი გამოემართა კოალიციურ ლაშქართან ერთად საქართველოს წინაღმდეგ. დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ლაშქართა რაოდენობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა წყაროებში. სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის მიხედვით, კოალიციური ლაშქარი შეადგენდა 56 000 კაცს. გოტიეს ცნობით, კოალიციურ მოლაშქრეთა რიცხვი 600 000–ს აღწევდა. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარი 300  000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. დავითის ისტორიკოსის თქმით მტრის ლაშქარი ,,შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვასა, რომლითა აღივსო ქუეყანა.’’  ქართველთა ლაშქრის რაოდენობის შესახებაც განსხვავებული ციფრები შემოუნახავთ საისტორიო ქრონიკებს. გოტიეს ცნობით, დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად. მათეოს ურჰაეცის მიხედვით მეფე დავითმა გაიყვანა 55600 მოლაშქრე, აქედან 40 000 ქართველი იყო, 1500 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ევროპელი მეომარი. 1121 წლის 12 აგვისტო, ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათი იდგა…  ილ–ღაზი თავისი მაჰამადიანური სამყაროს  კოალიციური ლაშქარით თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს მოფენილიყო. დავით აღმაშენებელმა ომის წინ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ტაქტიკური სვლები განახორციელა. მტერი  მანგლისის ვიწროებში შეიტყუა, რათა მას მრავალრიცხოვნობის გამო გაშლის საშუალება არ მისცემოდა, ქართველებს კი უკან დასახევი გზა ჩაუხერგა. ამ ბრძოლით უნდა გადაწყვეტილიყო ქართველთა ყოფნა–არყოფნის საკითხი. ქართველებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი გამარჯვება ან სიკვდილი.  მათ სულისკვეთებას და მეფის მტკიცე პოზიციას კარგად გამოხატავს ბრძოლის წინ დავით აღმაშენებლის მიერ წარმოთქმული სიტყვა რომელიც ფრანგ მწერალს გოტიეს  შემოუნახავს: ,,მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად  თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის  ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ.  და ერთ რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.’’ დავით აღმაშენებელმა ,,უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ (როგორ) რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად, ამათ ყოველთათვის არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე.’’ ლაშქრის ცენტრს დავით მეფემ თვითონ უსარდლა. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები განალაგა, ხოლო ბრძოლის წინ საგანგებოდ შეარჩია 200 გულადი მეომარი. ყველამ იცოდა, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისთვის თავს სწირავდნენ. ილ–ღაზსაც ქართველთა ძალები დაეზვერა და ბრძოლის გეგმა მოეფიქრებინა.    მისი სტარტეგია ქართველებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად. ამიტომაც მთელი შემართებით დაიწყო მოქმედება, მაგრამ აოცებდა  ქართველების  ბოლო წუთამდე უმოქმედობა.  ის იყო  ბრძოლის დაწყების ნიშანი უნდა მიეცა ძირითადი საბრძოლო ძალებისათვის, რომ მოხდა უცნაური და მისთვის სასურველი რამ:  ქართულ ლაშქარს ორასი მეომრისაგან შემდგარი ქვეითი რაზმი გამოეყო და სწრაფად დაიძრა თურქ–სელჩუკებისაკენ. რაზმი  საომრად იყო აღჭურვილი, მაგრამ  იარაღი შემართული არა ჰქონდა. ისე ჩანდა, თითქოს ქართველი მეფის სურვილის წინაღმდეგ მოქმედებდა, მას გამოექცა. უცნაური სწორედ ის იყო, რომ ჯერ  შეტევა არ დაეწყოთ და ქართველები უკვე ნებდებოდნენ მტერს. ილ–ღაზს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გაიმარჯვებდა,  მაგრამ ბრძოლის დაწყებამდე თუ გატყდებოდა მორალურად მოწინაღმდეგის ლაშქარი, ამას ვერ წარმოიდგენდა. ისიც და მისი მეომრებიც გაოცებულები იყვნენ,, შეიძლება ითქვას, დაიბნენ კიდეც. მოწინაღმდეგის საქციელის გაანალიზება და ბოლომდე აღქმა  ვერც კი მოასწრეს,  რომ 200 ქართველი მებრძოლი მტრის  ლაშქარში შეიჭრა. შეიჭრნენ მეომრები და დაიწყეს კიდეც  ბრძოლა, თანაც ისეთი შემართებით, ილ–ღაზს და მის მოლაშქრეებს სულ დაეკარგათ რეალობის აღქმის უნარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველთა ძირითადი ლაშქრის გამაყრუებელმა ყიჟინამ შესძრა არემარე.  ბრძოლა სასტიკი იყო. პირველივე შეტაკებისას შეირყა ილ–ღაზის ლაშქარი. მიუხედავად მებრძოლთა მრავალრიცხოვნობისა, ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდა,  წყაროთა ცნობით ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა, ,,რამეთუ პირველსავე ომსა, იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა..’’  მტრის ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხილი ლაშქარი გაიქცა. დამპყრობელნი ისე დაბნეულები და შეშინებულები ყოფილან, გაქცევის დროს ერთმანეთი  გადაუქელავთ.   დავით მეფის ლაშქარი მუსრს ავლებდა მტრის  მებრძოლებს, ანისამდე  სდია მათ და  არ მისცა ძალების მოკრების საშუალება.Didgori

მათეოს ურჰაეცის ცნობით თვით ილ–ღაზი, რომელიც სარდლად მიაჩნდათ, თავში დაიჭრა და ბრძოლის ველიდან ნახევრად მკვდარი გაიყვანეს. სელჩუკებმა ,,ძლივს მოახერხეს გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილ–ღაზი)დიდად შერცხვენილნი დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.’’ ერთი ვერსიით სწორედ დიდგორის ბრძოლაში მიღებული ჭრილობები გამხდარა ილ–ღაზის სიკვდილის მიზეზი. დიდგორის ომში დაჭრილს დამბლა დასცემია და მალეც გარდაცვლილა. მეორე ვერსიით უზომოდ უჭამია  ფლავი და ნესვი და ამის გამო მომკვდარა. ისტორიკოსთა ცნობით  დიდგორის ველზე  ათეულ ათასობით  მუსლიმანი დაღუპულა. მტერს  უამრავი სურსათ–სანოვაგე და სიმდიდრე დარჩენია ,,ქართლის ცხოვრების’’ ცნობით: ,,აღივსო (სამეფო) ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა… სხვითა უცხოთა  ჭურჭლებითა საბრძოლელთა თვითოსახეთათა, ქოსთა და ფილაკავათანთა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა რაოდენმან ქართამან და მელანმან დაიტიოს აღწერად.’’ დიდგორის ველზე ქართველობამ შეუძლებელი შესძლო. ამიტომაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს დიდგორის გამარჯვება სასწაულად მიაჩნია და აღნიშნავს, წმიდა გიორგი ეხმარებოდაო ქართველებს. ,,წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდაო’’  ქართველთა ლაშქარს.   დიდგორი  თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნის თავდადების სიმბოლოა.  ქართველმა კაცმა მას სამართლიანად უწოდა ,,ძლევაი საკვირველი’’. ეს ბრძოლა ისე დიდმნიშვნელოვანია, ერმა სახალხო დღე–,,დიდგორობა’’ დააწესა, ხოლო ქვეყნის  აღმშენებელობისა და გაძლიერებისათვის  დავითი ,,აღმაშენებლის’’ ტიტულით და წმინდანად შერაცხვით დააჯილდოვა.

ბაკურ გელაშვილი

Advertisements
This entry was posted in მთავარი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s