საისტორიო ლექსიკონი


ათაბაგი, ათაბეგი (თურქ. ata – მამა, berg – ბატონი) — სელჩუკთა სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე. პირველი ათაბაგი იყო მალიქშაჰის აღმზრდელი ნიზამ ალ-მელქი (XI ს.). სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ათაბაგი დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა, ან მხოლოდ საპატიო ტიტული ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში — მხედართმთავარი. საქართველოში ათაბაგი იყო ერთ-ერთი ვაზირი. მის ფუნქციებში შედიოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდა. ათაბაგობა საქართველოში დამკვიდრდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი მსხვილი ფეოდალების გაძლიერების შედეგად. 1212 წელს იგი პირველად ებოძა ივანე მხარგრძელს. ათაბაგობა იმთავითვე დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობას. ათაბაგობასთან ხშირად შეთავსებული იყო ამირსპასალარის თანამდებობაც. 1334 წელს გიორგი V-მ ათაბაგობა უბოძა თავის ბიძას, სამცხის მთავარ სარგის ჯაყელს. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ ათაბაგობა როგორც ვაზირობა მოისპო. „ათაბაგი“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (აქედან — სამცხე-საათაბაგო).

ამირსპასალარი- (არაბ.-სპარს. ამირ – უფროსი, სპარს. სეფაჰსალარ – სარდალი), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ვეზირი, მთავარსარდალი. განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონა-სპას, სახასო მამულებიდან და საფეოდალოებიდან გამოწვეულ ლაშქარს და სხვა ქვეყნებში დაქირავებულ რაზმებს. ომის დროს ჯარის უშუალო ხელმძღვანელი იყო მეფის შემდეგ, ებარა სახელმწიფო დროშა და წინ მიუძღოდა ლაშქარს „ლაშქრობა და ლაშქრობის ვეზირობა ამირსპასალარის ხელთ არის, მას წინათ არავინ იტყვის“ – აღნიშნულია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“.. სავაზიროს სხდომაზე სამხედრო საქმეთა განხილვისასაც მეფის შემდეგ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა. მეფედ კურთხევისას მას უნდა შემოერტყა მეფისთვის ხმალი. ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად. ზოგჯერ კი შეიძლებოდა ათაბაგის ან მანდატურთუხუცესის თანამდებობაც სჭეროდა. ჰყავდა პირადი მხლებელი. ამირსპასალარი პირველად გიორგი III-ის დროს წყაროებში იხსენიება (მანამდე ცნობილი იყო სპასალარი, რომელიც ადგილობრივი სამხედრო საქმეებს განაგებდა), მაგრამ ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა უკვე იმ დროიდან, როცა დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო წესწყობილებაში რეფორმები განახორციელა და მუდმივი ჯარი შექმნა. ამირსპასალარის სახელწოდების შემოღებამდე მთავარსარდალს სპასპეტი ეწოდებოდა, შემდეგ კი სპასპეტი აღნიშნავდა საერთოდ მხედართმთავარს. ამირსპასალარის უწყებაში შედიოდნენ ამილახორი, ზარდახნისუხუცესი და მათდამი დაქვემდებარებული მოხელეები. საქართველოს პოლიტიკური დაშლა-დანაწილების შედეგად ამირსპასალარის თანამდებობა მოისპო.                            ამირსპასალარის უფლებებიდან ყურადღებას იპყრობს მისი უფლება, რომ უიმისოდ მეფე მიწას ვერ გასცემდა, ვერც დასახლებულსა და ვერც დაუსახლებელს. ამირსპასალარის ეს უფლება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიწის ოდენობაზე იყო დამოკიდებული როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეული საერისთავოებისა თუ ერისთავების სიძლიერე. ის, რომ მიწა ამირსპასალარის ნებართვის გარეშე არ გაიცემოდა – ამ თანამდებობის მეტად ფართო უფლებამოსილებაზე მეტყველებს, რადგან ფაქტობრივად მიწას უკავშირდებოდა ქვეყნის შემოსავალი და სიძლიერე. ივ. სურგულაძის აზრით, ამირსპასალარისთვის ეს უფლება მოგვიანებით – თამარის დროს უნდა მიენიჭებინათ, როცა თამარის წინააღმდეგ აჯანყებულებმა გარკვეულად შეზღუდეს მეფის ხელისუფლება.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s